"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის კოალიციიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს თავად მათთვის იქნება დანაკარგი.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებაა და არა თანამდებობებისა და მანდატების გადანაწილება.
"ეს გაერთიანება კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. ჩვენ კიდევ შემოგვემატებიან სხვა ადამიანებიც ამ გაერთიანებაში. ვფიქრობ, თუ ვინმემ გადაწყვიტა დატოვოს ეს გაერთიანება, მათი დანაკარგია. ბატონ ვაშაძეს საკუთარი პარტია აქვს, შესაბამისად, დამფინანსებელიც ჰყავს ამ პოლიტიკური საქმიანობის.
შესაბამისად, შეიძლება მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ საკუთარი პოლიტიკური მომავალი და გეგმები. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენთვის არ არის საინტერესო არც თანამდებობების, არც მანდატების გადანაწილება. ვინც იზიარებს ხედვას, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის დასამარცხებლად, ჩვენი კარი ყველასთვის ღია იყო და არის.
სხვა ამოცანები ვისაც აქვს საკუთარი ვიწრო პარტიულ ამოცანებთან ან საკუთარ პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებული, ისინი სხვანაირად ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა კოალიცია "ძალა ერთობაშია" დატოვეს. მათ ახალი კოალიცია "სტრატეგია აღმაშენებელი" დააარსეს.