18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ვერ შევთანხმდით საერთო კანდიდატებზე "ნაციონალურ მოძრაობასთან", თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა - ირმა ნადირაშვილი

ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარებზე ვერ თანხმდება. "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს, "ევროპულმა საქართველომ" დღეს ბრიფინგი გამართა და სხვა პარტიებს მოუწოდა, გაერთიანდნენ და ერთიან კანდიდატებზე შეჯერდნენ. აქვე ითქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ აქვს დრო გადაწყვეტილება შეცვალოს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პარტიამ "ლეიბორისტების" ოფისის მაგიდის გარშემო მყოფ ყველა პარტიას შესთავაზა, გაამსხვილონ მაჟორიტარები რეგიონში და ბიძინა ივანიშვილს საერთო ფრონტით შეუტიონ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საერთო მაჟორიტარების დაყენებაზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს მათი ტაქტიკაა და "ევროპული საქართველო" მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"დღეს გიგი უგულავამ თქვა პირიქით, რომ კარი არის ღია, რომ რეგიონებში მოხდეს მაჟორიტარების გამსხვილება და ყველა ის პარტია, რომელიც იყო "ლეიბორისტული ოფისის" მაგიდასთან, ამ პარტიებს შევთავაზეთ დღეს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, გავამსხვილოთ მაჟორიტარები რეგიონებში და საერთო ფრონტით შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილს.

ვერ შევთანხმდით - ეს შეფასება შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით, მათთან ნამდვილად ჰქონდათ კონსულტაციები ხანგრძლივი, რომ შევთანხმებულიყავით საერთო მაჟორიტარებზე. მათ არჩიეს და მათი ტაქტიკაა, რომ ყველგან საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენონ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს შეიძლება იყოს ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას და ვაგრძელებთ მცდელობას, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამსხვილებული მაჟორიტარებით, როდესაც პირველივე ტურში შეიძლება არჩევნების ბედის გადაწყვეტა, აი ასე შევიდეთ ამ საარჩევნო კამპანიაში.

რაც შეეხება თქვენს შეხსენებას, რომ ყოველთვის იყო ერთიანობაზე საუბარი, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ იყო კონკრეტული მიმართულებით. ეს ეხებოდა თბილისს და თბილისში გამარჯვების ფორმულა არსებობს და საერთო კანდიდატები დასახელებულია.

ამ ეტაპზე ჩვენ მათგან გვაქვს პასუხი, ისინი ასე ხედავენ ამ ბრძოლას, რომ უმჯობესია ყველგან ჰყავდეთ მაჟორიტარების კანდიდატები. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და გამარჯვების ფორმულაა ერთიანი კანდიდატების დაყენება და სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი დღეიდან დაიწყებს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. თუ ამასობაში "ნაციონალური მოძრაობა" იფიქრებს, რომ ამ ფორმატს შემოუერთდეს, ეს ცხადია იქნება სასიხარულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავის ტაქტიკურ გზას გაუყვებიან. ჩვენ შევეცდებით, რომ გამსხვილდეს მაჟორიტარობის კანდიდატები.

ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. დღეს ქვეყანაში 60% ყველაზე ცოტა, განწყობილია ოპოზიციურად და მათ არ უნდათ "ქართული ოცნების" დარჩენა ხელისუფლებაში. აქ საუბარია ტაქტიკაზე, მაგრამ თანამშრომლობა უნდა იყოს ყველასთან, ვინც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე ქვეყნის სამართავად და ბოლომდე ჩამოშლის ქვეყნის ინსტიტუტებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები