მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები შეკრებას უახლოეს დღეებში გეგმავენ. საარჩევნო სიებთან უთანხმოების მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობა" თვლის, რომ საკმარისად დათმო თბილისში, ამიტომ რეგიონებში კანდიდატების სხვებთან შეთანხმებას არ აპირებს.
"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა პარტიასთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდეს პოლიტიკურ ცხოვრებას და ზოგადად ხელისუფლებას. ეს არჩევნები ჩვენ გადამწყვეტად მიგვაჩნია. კახეთში, რუსთავში, ქუთაისში და სამეგრელოში ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს. უახლოეს პერიოდში პარტიულ სიას წარმოვადგენთ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე თვლიან, რომ "ძალა ერთობაშიას" დატოვებით, პარტიები მხოლოდ თავიანთ თავს აზიანებენ.
"ძალა ერთობაშია" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი ხმები წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამიტომ ჩვენ ამ ფორმატში ვაპირებთ გაგრძელებას. ყველა პარტია, რომელიც გადის აქედან, თავის თავს აზიანებს. უახლოეს დღეებში საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა იხილოს ახალი ადამიანი, რომლებიც "ძალა ერთობაშიას" შემოუერთდებიან,"- აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა, ჯერი ახლა რეგიონებზეა. ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის, თუმცა ეს უკვე კონსულტაციების საკითხია. ხელისუფლების ოპონენტები შეკრებას უახლოეს დღეებში აპირებენ. ისინი ერთიანობაში იქნებიან ყველა იმ პარტიასთან, ვისაც მიზნად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.
ოპოზიციის ქმედებებს აფასებენ უმრავლესობაში. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, მაშინ როდესაც საქმე პირად ამბიციებს ეხება, ოპოზიციის გეგმები და მიზნები ერთიანობასთან დაკავშირებით რადიკალურად იცვლება ხოლმე.
ავტორი: ქეთი რაზმაძე