ამერიკელი ანალიტიკოსები წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტით საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებიდან 15%-ის შესაძლო შეჩერებას აფასებენ.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში დევიდ კრამერი და მაიკლ კარპენტერი ყურადღებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ კონგრესმენების შეშფოთებაზე ამახვილებენ.
ანალიტიკოსების განცხადებით, არ შეიძლება დახმარების 15%-ის შესაძლო შეკავება ამერიკიდან საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებად ან მხარდაჭერის ნაკლებობად იყოს აღქმული.
"კონგრესმენებისთვის, რომლებიც საქართველოს აკვირდებიან, არსებობს შეშფოთება სხვადასხვა საკითხზე. რუსეთის გავლენა და საქართველო, მოქმედი მთავრობის ურთიერთობა მოსკოვთან და ბატონი ივანიშვილის გავლენა - ეს ლექსიკა კანონად ქცეულ ტექსტში შეიძლება არ შენარჩუნდეს, მაგრამ ამით უნდა გაიგზავნოს საქართველოში სიგნალი, რომ ამერიკა აქცევს საქართველოს ყურადღებას, ამერიკას სურს საქართველოს წარმატება და რუსეთის გავლენის დამთავრება და ასევე, ისინი, ვინც ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულები არიან, ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღებნი უნდა იყვნენ,"- აღნიშნავს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი.
ანალიტიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე უმთავრესი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და დემოკრატიულ გზაზე დარჩენაა.
"ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ნახეს ეს, როგორც სხვა ყველამ. არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნესინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე ჩრდილს მიღმა. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ, გარედან არის ნაკარნახევი, ასევე ვხედავთ მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე. თუმცა, ვფიქრობთ, თუ საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს ან სხვა კონგრესმენებს გამოვკითხავთ, უმეტესობა საქართველოს კვლავ დემოკრატიულად მიიჩნევს და მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდება," - აცხადებს პენ ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი.
"ამერიკის ხმის" ცნობით, კრამერი და კარპენტერი მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ღიად რჩება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.