18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ხელისუფლება მაიკ პომპეოს საუბრის შინაარსით კმაყოფილია, ოპოზიციამ კი გზავნილი მკაცრ ტონად შეაფასა

3 თვე არჩევნებამდე და მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან - თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე გამახვილებული ყურადღებაა ოპოზიციისთვის მთავარი იმ სატელეფონო საუბრიდან, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შედგა.

ხელისუფლების ოპონენტებმა გზავნილში მკაცრი ტონი სწორედ იმ საფრთხეებისა და რისკების გამო შენიშნეს, რაზეც მათივე თქმით, უკვე დიდი ხანია ხელისუფლებას მიუთითებენ.

ხელისუფლება კი მაიკ პომპეოს საუბრის შინაარსით კმაყოფილია, რადგან სახელმწიფო მდივანმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს გატარებულ რეფორმებს.

"გიორგი გახარიამ და მაიკ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოს მზარდი ინვესტიციების შესაძლებლობებისადმი, რომლითაც უკვე 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

ამასთან, ყურადღება დაეთმო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ, წარმატებით გატარებულ საარჩევნო რეფორმებს. ამ რეფორომამ სახელმწიფო მდივნის მაღალი შეფასება დაიმსახურა," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება. 

"არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ჩვენთვის არის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თავიანთი ინტერპრეტაციით გაკეთებულ განცხადებებს, ამას ჩვენ სერიოზულად არ აღვიქვამთ," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

დღის ამბები