მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერის საუბარს ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ. მათ გზავნილში მკაცრი ტონი სწორედ იმ საფრთხეებისა და რისკების გამო შენიშნეს, რაზეც მათივე თქმით, უკვე დიდი ხანია ხელისუფლებას მიუთითებენ.
"სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მისგან ამერიკის კონგრესმა მოითხოვა, როდესაც საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე ფინანსური სანქცია დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა "ქართული ოცნება" იმ შედეგებზე გაეფრთხილებინა, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება. მაიკ პომპეომ ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა გიორგი გახარიასთან,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, მაიკ პომპეოს მხრიდან გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არჩევნების გაყალბებას არ მოითმენს.
"ერთგვაროვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი თემა არჩევნები იყო. მაიკ პომპეომ პირდაპირ უთხრა პრემიერს, რომ ელოდება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ეს ძალიან კარგი გზავნილია საქართველოსათვის. ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდეს. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
ხელისუფლება კი, მაიკ პომპეოს საუბრის შინაარსით კმაყოფილია, რადგან მათი თქმით, სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს გატარებულ რეფორმებს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა.