18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
პომპეოს განცხადება მკაფიო გაფრთხილებაა, რომ ხელი არ წაუცდეს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაზე - გიორგი ვაშაძე

საქართველო-ამერიკის მჭიდრო ურთიერთობის კიდევ ერთი დასტური - პრემიერ-მინისტრსა და შტატების სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი, ხელისუფლებისთვის არის მყარი არგუმენტი, რომ ქვეყნები თანამშრომლობას აგრძელებენ, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდისთვის მიუღებელია, რომ მაიკ პომპეოს მნიშვნელოვანი გზავნილების მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის.

ხელისუფლების ოპონენტები კი გზავნილს მნიშვნელოვან მინიშნებად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არჩევნები არ გააყალბონ, ვინაიდან მკაცრ პასუხს მიიღებენ ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორისგან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. 

​"დიპლომატიაში გაფრთხილებები და მუქარები არ არის ხოლმე, უბრალოდ არის საკითხები, რომელზეც ჩვენი პარტნიორები მიანიშნებენ. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები. ამიტომ, იმისათვის რომ უფრო სტაბილური გარემო იყოს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები ყველამ აღიაროს,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი პომპეოს საუბრის შინაარსს ორ ნაწილად ყოფს - კარგი და ცუდი. 

"კარგი ამბავი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ცუდი კი ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართულ სახელმწიფოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება,"- აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომელიც პომპეომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გააჟღერა, საქართველო შავ სიაში მოხვდება. 

"პომპეოს განცხადება, პირდაპირი და მკაფიო გაფრთხილება არის არჩევნებთან და სასამართლოსთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ 15%-იან სანქციაზე სწორედ პომპეომ უნდა გააკეთოს კონგრესში მოხსენება. ამიტომ, ეს არის გაფრთხილება, რომ ხელი არ წაუცდეს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაზე, რადგან თუ ასე გავაკეთებთ, ჩვენ ვიქნებით შავ სიაში მთელს დასავლურ სამყაროში," - აღნიშნავს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები