18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ენმ-ს მეტი ხმა ექნება ჩვენზე, მაგრამ ნაკლები "ოცნებაზე", თუ იმის თქმა უნდათ, თუ ჩვენ არ მოვედით, მაშინ დარჩეს ივანიშვილიო, ეს დიდი შეცდომაა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, რეგიონების ყველა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრების არგუმენტები მისთვის გაუგებარი და ზოგ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავიცაა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

გიგა ბოკერიას თქმით, არავინ უარყოფს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მსხვილი პარტიაა და შესაბამისი ელექტორატიც ჰყავს, თუმცა ეს არაა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ მათი თანამშრომლობა და შეთანხმება სხვა ოპოზიციურ ძალებთან ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია:

"მათი არგუმენტია, რომ ჩვენ ყველაზე მსხვილი ვართ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე დაყრდნობითო, რა თქმა უნდა, მეორე ადგილზე გავიდნენ, ამას რა აღმოჩენა უნდოდა, მაგრამ მათი ხმები ხო საკმარისი არაა ივანიშვილისთვის მოსაგებად, ეს ხო ვნახეთ, იმისთვის თუ უნდათ, რომ გაიმარჯვონ, ამ კომპრომისზეა ლაპარაკი. ენმ-ს მეტი ხმა ყველგან აქვს, მაგ ლოგიკით მეტი ხმა ექნებათ ჩვენზე, მაგრამ ნაკლები "ოცნებაზე". ორჯერ ორი ოთხია. მიიღებენ 2018 წლის არჩევნებივით მეორე ტურს. ანუ ამით თუ იმის თქმა უნდათ, რომ თუ ჩვენ არ მოვედით დისპროპორციულად, ერთი გუნდით ხელისუფლებაში, მაშინ დარჩეს ივანიშვილიო, ეს დიდი შეცდომაა და ეს ვერც მოხდება და არც მოხდება. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მიიღებს რეგიონში შეთანხმებაში მონაწილეობას სხვა ოპოზიციური პარტიები დაჯგუფდებიან და მაინც იქნება სიჭრელე, უბრალოდ გაუმართლებელი რისკია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე - ექნება თუ არა "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს მეორე ტურში, იმისდა მიუხედავად შედგება თუ არა შეთანხმება, გოგა ბოკერია ამბობს რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მათი მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება, რომელიც გარკვეულ წითელ ხაზებს იცავს, რადგან ივანიშვილის დამარცხება ეროვნული ამოცანაა:

"ჩვენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ თითქმის ყველას, ვინც მეტ-ნაკლებად წითელ ხაზებშია, დავუჭერთ მხარს, იმიტომ რომ ივანიშვილის დამარცხება არის ეროვნული ამოცანა, მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ აქამდე. ჩვენ ხომ დავუჭირეთ ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. იმიტომ რომ არც ჩვენი და არც მათი ხმები, სხვა ოპოზიციის გარეშე, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს ენმ და ენმ-ს შემდეგ "ევროპული საქართველო", არაა საკმარისი. ესაა საზოგადოების დაკვეთაც, რომ პროპორციულად იყოს. არგუმენტი რომ იმ ოლქებში ჩვენ მეტი ხმა გვაქვსო, კი მიიღეს მეტი ხმა მაგრამ არასაკმარისი," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ და იმედი გამოთქვა, რომ "ევროპული საქართველო" ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან შეჯერებას მოახერხებს და საზოგადოება ნახავს ვინ მიდის გაუმართლებელ რისკზე.

დღის ამბები