18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ვერ ვიტყვი, რომ რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა რომელიმე პარტიას აქვს ძლიერი პოზიციები - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი პარტია შეთანხმების მომხრე ყოველთვის იყო, თუმცა სხვა პარტიებისგან ულტიმატუმებს არ მიიღებს. ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობას" რეგიონებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ პარტიას. 

"ის რომ "ნაციონალური მოძრაობა" სინერგიის მომხრე არ არის, ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციით სინერგიის პირველი ლოკომოტივი დავძარით. შემდეგ ჩვენ თქვით, რომ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება და ორ ოლქში გვეყოლება კანდიდატები, ხოლო დანარჩენ 6 ოლქში შევთანხმდით და გამოვიწიეთ მოლაპარაკები მაგიდიდან, მაგრამ სამწუხაროა, რომ იმ ორ ოლქშიც ვერ მოახერხეს შეთანხმება და მე იმედი მაქვს, რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწევთ,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ "ევროპული საქართველოს" შეთავაზებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით, რეგიონებში რეიტინგი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. 

"მე შევეკამათებოდი და ვიტყოდი, რომ იმ ოთხ ოლქში, სადაც მათი მოთხოვნა იყო დაეყენებინათ კანდიდატები და ჩვენ მხარი დაგვეჭირა, "ნაციონალურ მოძრაობას" ორი ოლქი აქვს მოგებული, მათ შორის, "ქართული ოცნებისთვისაც" საპრეზიდენტო არჩევნებზე. შესაბამისად, თუ ციფრები არაფერს ამბობს, ცოტა გაუგებარია. სადაც "ევროპულ საქართველოს" ვუსწრებთ 12, 6 და 10 ათასი ხმით და ისინი საუბრობენ, რომ ღირებული და ძლიერი კანდიდატები ჰყავთ (მე ვადასტურებ მათ მიმართ ჩემს პატივისცემას), მაგრამ მე ვერ დავეთანხმები მას იმაში, რომ ეს ხმები და ძლიერი კანდიდატები ერთიანობაში არ მოიტანს სერიოზულ შედეგს.

მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ამ რეგიონში ძლიერი კანდიდატები არ გვყავს, შეიძლება გაცილებით ძლიერი, ვიდრე მათი კანდიდატები, მესმის ეს მათი პარტიული ინტერესია და ყველას აქვს ამის უფლება, თუმცა ჩვენი ძირითადი ამოცანაა ივანიშვილის დამარცხება. რეგიონებში მე ვერ გეტყვით, რომ" ნაციონალური მოძრაობის" გარდა რომელიმე პარტიას აქვს ძლიერი პოზიციები.

გამოდის, რომ სხვა პარტიები ამაში არ მონაწილეობენ, ეს არის მხოლოდ "ევროპული საქართველოს" შეთავაზება, მე მოთხოვნას ვერ მივიღებ ვერცერთი პარტიისგან, რადგან სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ და "ნაციონალური მოძრაობა" არც ულტიმატუმებს და არც მოთხოვნებს არ იღებს, ეს მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს ჩვენს კოლეგებს,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები