მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩაატაროს - ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარ გზავნილს.
სპეციალისტთა ნაწილი კი თვლის, რომ გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს საუბარი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მორიგი დასტურია.
"მკაფიო სიგნალია ამერიკის მხრიდან, რომ განსაკუთრებით დააკვირდებიან ამ არჩევნებს და იქნება საკმაოდ მკაცრი შეფასებები იმის ფონზე, რაც ხდება უკვე. მოგეხსენებათ, კონგრესის მხრიდან დახმარების 15%-ის გაყინვა, ეს არის ყველაფერი ერთი დიდი პოლიტიკის ნაწილი და ერთ სურათს ქმნის. ამიტომ, ეს ხელისუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და ყურადღებით, რომ ეს ბოლო შეცდომა არ დაუშვას, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, საბედისწერო იქნება მათთვის," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
სატელეფონო საუბარს აფასებს "ჯეო ქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ამბობს, რომ მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი იმედის მომცემია.
"გუშინდელი საუბარი არის ძალიან იმედის მომცემი, რომ ამერიკა რჩება რეგიონში, ამერიკა რჩება ჩვენს გვერდით და შესაბამისად, ჩვენც იმედია არჩევნების ჩატარების დონით, სტანდარტით ვუპასუხებთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მოლოდინებს," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მოახლოებული არჩევნები, სასამართლო სისტემა, ოკუპაცია და გლობალური პანდემია - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა ტელეფონით ისაუბრეს. კომუნიკაცია ქართული მხარის ინიციატივით შედგა.