18 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
დავა მაჟორიტარულ ოლქებზე გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებს

რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა. "ევროპული საქართველოს" წინადადებას, რომელიც დიდ ქალაქებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს, ხოლო 4 ოლქში - "ევროპული საქართველოს" კანდიდატების, "ნაციონალური მოძრაობა" არ თანხმდება.

"ევროპული საქართველოს"  ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს სტრატეგია აუცილებელია "ქართული ოცნების" პირველივე ტურში დასამარცხებლად. 

"სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეგიონების ყველა ოლქში დააყენოს მაჟორიტარების კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ არის დრო, მაქსიმუმ, 1-2 დღე, როდესაც მათ შეუძლიათ წამოვიდნენ ამ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა დიდ ქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დადგება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, ხოლო სანაცვლოდ, 4 ოლქში იქნება "ევროპული საქართველოს" კანდიდატები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჯამურად 12 ოლქში და შეიძლება მეტშიც, თუ მათი მხრიდან თანხმობა იქნება, გვყავდეს შეთანხმებული კანდიდატები, რომლებთაც ექნებათ შანსი, რომ პირველ ტურში დაამარცხონ "ქართული ოცნება". ეს ოლქები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ავიღეთ იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც 2018 წელს პირველ და მეორე ტურებში დადგა, ანუ ის ოლქებია, სადაც თუ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ კანდიდატებს, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ, ძალიან მაღალია,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის მოსაზრებით კი რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების საწინდარი საკუთარი კანდიდატების დაყენებაა. 

"რეგიონებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ არის სიახლე - არაერთხელ გვითქვამს, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება. ეს არის პრინციპი, რომელიც არ შეცვლილა და არც შეიცვლება. თუ იქნება ცალკეული გამონაკლისები რაღაც მოსაზრებით, სერიოზული არგუმენტით და თუ დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამის შესახებ შეიძლება კონსულტაციების გამართვა, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული "ნაციონალურ მოძრაობას". ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80% ნაწილდება პროპორციული სიით. აქ გამარჯვება იქნება უკვე საწინდარი მეორე ტურში თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებისა, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა და ამ ტექნიკურ დათვლასა და არითმეტიკაში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას,"-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები