რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეუთანხმებლობას დაპირისპირებას არ უწოდებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, ეს არის მხოლოდ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომელი პარტიის კანდიდატს აქვს მეტი შანსი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად.
"ეს არის უბრალოდ მსჯელობა და კამათი, მწვავეც, რა თქმა უნდა, ვისი კანდიდატურა ჯობია. ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ იყოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც აქვს უფრო მეტი შანსი მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების. მე მოხარული ვიქნები, თუ გარკვეულ ოლქებში მოხდება შეთანხმება, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ შეიძლება იყოს ოლქები, სადაც პირიქით - ჯობდეს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს, ახლა ეს პროცესია, რომელიც ყოველთვის არის მწვავე დისკუსიით აღსავსე. მთავარია, რომ ოპოზიციაში განხეთქილება არ არის ერთ უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარების თემა "ტროას ცხენივით შემოგდებულია" და ახლა საკითხი იმაზეა, თუ როგორ დაძლევს ამას ოპოზიცია.
"მაჟორიტარებთან დაკავშირებით თემაზე ფიქრი დავიწყეთ. ნაბიჯი ჯერ არ გადაგვიდგამს, მაგრამ ფიქრი დავიწყეთ როგორი პოზიცია იქნებოდა სწორი. ჩვენ რომ გვქონოდა სრულად პროპორციული არჩევნები, საერთოდ არანაირი პრობლემა კონკურენცია არ იქნებოდა - პირიქით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გვყავს 30 მაჟორიტარი, ტროას ცხენივით შემოგდებული თემა, რომელსაც დავძლევთ თუ არ დავძლევთ, რამდენად წარმატებულად დავძლევთ. ოპოზიციამ კარგად დაიწყო ამაზე მუშაობა, თბილისზე მუშაობა კარგი იყოი, მაგრამ მას სათანადო გაგრძელება ვერ მოყვა - პირიქით, ოპოზიციურ მხარეს გამოეცალნენ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსები,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავასთვის ორივე მხარის პოზიცია გასაგებია, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ.
"ორივე პოზიციაში არის გარკვეული ლოგიკა - როდესაც ძლიერ პარტიას აქვს სურვილი ყველგან დააყენოს კანდიდატურა, მაგრამ ამავე დროს არის კონსენსუსური ვარიანტი, როდესაც სხვასაც ჰყავს გამოჩენილი ლიდერები და ერთმანეთთან შეთანხმება მოხდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კონსულტაციების გზით ეს შესაძლებელი იქნება, რომ მიღწეულ იქნეს ისეთი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გამარჯვებას. ჩემს დიდი სურვილს ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ სადმე ვიყო მაჟორიტარად წარმოდგენილი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ,- განაცხადა გიორგი გუგავამ.
2020 წლის არჩევნებისთვის რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა. "ევროპული საქართველოს" წინადადებას, რომელიც დიდ ქალაქებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს, ხოლო 4 ოლქში - "ევროპული საქართველოს" კანდიდატების, "ნაციონალური მოძრაობა" არ თანხმდება.