”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ინტერესი.
მისი თქმით, პირველ ტურში ყველა პარტიის ელექტორალური წონა გაიზომება.
"ყველა ვხვდებით, რომ არჩევნებში ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ინტერესი. მესმის სხვა პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ცდილობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორალური მხარდაჭერა მოიპოვონ ჩვენი პარტიული გადაწყვეტილებით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო კონკურენტული გარემო იქნება მაშინ, როდესაც ყველა მიიღებს მონაწილეობას. პირველ ტურში გაიზომება ყველა პარტიის ელექტორალური წონა რის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა კოალიციაზე განაცხადი გავაკეთოთ და ეს იქნება მეორე ტურში გასული მაჟორიტარების გამარჯვების საწინდარი,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
2020 წლის არჩევნებისთვის რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა. "ევროპული საქართველოს" წინადადებას, რომელიც დიდ ქალაქებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს, ხოლო 4 ოლქში - "ევროპული საქართველოს" კანდიდატების, "ნაციონალური მოძრაობა" არ თანხმდება.