"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების მოსაგებად, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, პირველივე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნაკლები იქნება.
"არჩევნების მოსაგებად, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული. შესაბამისად, უნდა მოვახერხოთ და როგორც მინიმუმ, ჩვენ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა შევათანხმოთ კანდიდატები. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ დიდი ქალაქებში ჰყავდეს "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი კანდიდატი და ჩვენ, მათ მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა ელექტორალურად დაგვაზიანოს. ამასთან, მათ ვთავაზობდით, რომ 4 საარჩევნო ოლქში, 8-ის ნაცვლად, მათ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება. რატომ უნდა გავზარდოთ მეორე ტურის არსებობის შანსი, სადაც შანსია, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს ყველაფერი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება გაუგებარი და უცნაურია.
"თუ იმას გვთავაზობენ, რომ კანდიდატი ყველგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენოს და ამას ისინი კონტრ-შეთავაზებად ასახელებენ - მაშინ თქვან. თუმცა არ მგონია ასე იყოს, რადგან ეს არ არის შეთანხმება, ან თუ არის ძალიან უცნაური შეთანხმებაა. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეასრულებს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მაშინ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის ჩატარების შანსი გაიზრდება,"- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარების კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
პოლიტიკური სპექტრი "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან. ერთად თუ ცალ-ცალკე რეგიონებში - ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ საზოგადოებას არ მიუღია.