საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობამ ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია და დარწმუნებულია, რომ შემდგომშიც, ოპოზიცია ერთმანეთთან კონსულტაციებს გააგრძელებს. მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ პარტიებს შორისაც კონკურენცია მძაფრდება და ეს სავსებით ნორმალურია.
გიორგი გუგავას თქმით, ხალხისა და ქვეყნის ინტერესებში შედის ივანიშვილი და მისი ბანდა ჩამოვაცილოთ ქვეყანას, წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი გუგავას განცხადებით, შემოგვემსხვრევა ეს ქვეყანა და არაფერი არ დაგვრჩება.
"რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის ერთობამ და ამ ფორმატმა, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია. გავიხსენოთ ჩვენი ძალისხმევით, ქართველი ხალხის ნებით, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მიგვეღო არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, გამოგვეხსნა ციხიდან პოლიტპატიმრები, ამავე დროს შეთანხმება მოხდა თბილისის 6 ოლქზე და მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გააგრძელებს ერთმანეთთან კონსულტაციებს და შესაძლებელი იქნება შეთანხმების და კომპრომისის გზით.
ზოგან შეიძლება იყოს შეთანხმებული კანდიდატი, ზოგან შეიძლება კონკურენციული რეჟიმი იყოს გამართული, ანუ ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია შესაძლებელია, ახლა წინასაარჩევნოდ ყველა ქვეყანაში ასე ხდება, დუღილის ტემპერატურა იწევს შიგნით პარტიაშიც, პარტიებს შორისაც კონკურენცია მძაფრდება და შეიძლება იყოს გადაძახილი-გადმოძახილი.
მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის დაპირისპირება. ორივე მათ პოზიციას გარკვეული ლოგიკა გააჩნია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მთავარ სტრატეგიულ საკითხზე შეთანხმება მოხდა ოპოზიციურ ფორმატში.
ხალხისა და ქვეყნის ინტერესებში შედის ივანიშვილი და მისი ბანდა ჩამოვაცილოთ ქვეყანას, თორემ შემოგვემსხვრევა ეს ქვეყანა და არაფერი არ დაგვრჩება," - აცხადებს გიორგი გუგავა.