დედაქალაქისგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონების დათმობას ამჯერად არ აპირებს. ოპოზიციური პარტიისთვის პოლიტიკური პარტნიორების არგუმენტებიც გაუგებარია და მათი საარჩევნო არითმეტიკაც. უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ძალებს დამოუკიდებლად ცდიან და 22-ვე ოლქში მოსახლეობას საკუთარ კანდიდატებს წარუდგენენ. პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ამ გზით დაამარცხებენ და ეს ერთობიდან გასვლის გადაწყვეტილება არ არის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, მათი პრემიერობის კანდიდატი იყოს.
შეთავაზების ინიციატორები კი მთავარი ადრესატების საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. "ევროპულ საქართველოში" მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსს ჯერ კიდევ ხედავენ, რომ რეგიონების 22 ოლქიდან 8 -ში "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, სანაცვლოდ კი 4 ოლქში მხარდაჭერას ითხოვენ. ლიდერები მიიჩნევენ, რომ რისკები პირველივე ტურში უნდა დააზღვიონ, რადგან საქმე მეორე ტურამდე არ მივიდეს.
პოლიტიკური დიალოგის მასპინძელმა ოპოზიციურ პარტიებს დღეს კონსოლიდაციისკენ ღიად მოუწოდა. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი შეთანხმება სწორედ პირველივე ტურში უნდა გაფორმდეს, ოპოზიციონერმა ლიდერებმა კი ვიწროპარტიულ ინტერესებზე უარი თქვან. ამ მოსაზრებას იზიარებენ "ერთიან დემოკრატიულ საქართველოშიც". არ არის გამორიცხული, ნინო ბურჯანაძის პარტიამ 22 ოლქიდან მხოლოდ სამში წარადგინოს კანდიდატები.
"გირჩი," რომელმაც ორი თვის წინ მაჟორიტარულ ფლანგზე ბრძოლაზე უარი თქვა, შესაძლოა, ამ ბრძოლაში კვლავ ჩაერთოს და კონკურენცია რეგიონებში ამით კიდევ უფრო გაფართოვდება. ამბობენ, რომ პროგრამა მინიმუმი მათთვის მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ფრაქციის შექმნაა.
ძალებს დამოუკიდებელად ცდის ალეკო ელისაშვილიც. პარტია "მოქალაქის" ლიდერი აპირებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავდეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. შესაძლოა, თავად საბურთალოელების გულის მოგებას შეეცადოს.
დღის ბოლოს საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გაავრცელა ანა დოლიძემაც. როგორც ირკვევა, ის ძალების მოსინჯვას დიდუბე ჩუღურეთში შეეცდება.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, პოლიტიკური ტემპერატურაც მით უფრო იწევს. ვინ დათმობს და ვინ არა რეგიონებში - ეს უკვე კონსულტაციების თემაა. ახლა ოპოზიცია დიდი შეხვდრის მოლოდინშია, რომელიც კვირის ბოლოს ლეიბორისტული პარტიის ოფისშია დაგეგმილი.
პროცესებს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს, ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორები. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, დისკუსიაც და დათმობაც პოლიტიკური პროცესის ნაწილია. კელი დეგნანი ელოდება, რომ მალე პოლიტიკური პარტიების ლიდერები ყურადღებას გადაიტანენ პოლიტიკურ პროგრამებზე, რის მიხედვითაც მოახლოების მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ.