იმერეთში პირველი სამუშაო ვიზიტით ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩი და მისი თანმხლები პირები შეხვდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს, მერის მოადგილეს ირაკლი ქარქაშაძეს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს პეტრე ადამაძეს.
შეხვედრას ესწრებოდა მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი შორენა ხუხუა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ქუთაისში, მათ შორის "მილენიუმის" პროექტით დაფინანსებულ საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე, ასევე USAID-ის პროგრამის - "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" პროექტზე "მონაწილეობითი ბიუჯეტირება", რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს ქუთაისში.
საუბარი შეეხო ქალაქში ბიზნესის განვითარებას, არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარების საკითხს, გენდერულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომელიც წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
შეხვედრის დასასრულს ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.