18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ანაკლიის პორტის საქმეს ორი საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს - მხარე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ანაკლიის პორტის საქმეს ორი საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს. მხარე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათივე თქმით, მილიარდ დოლარს შეადგენს.

ანაკლიის კონსორციუმმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მათ იმ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც პროექტი შეჩერდა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესს ასახელებენ.

როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები ამბობენ, საარბიტრაჟო სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, როცა პროექტის გაგრძელების სურვილზე ხელისუფლებისგან საკმაოდ აგრესიული პასუხი მიიღეს.

"საქართველოს მთავრობის, კერძოდ "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონსორციუმისა და ანაკლიის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და აგრესიული კამპანია პროექტისა და ინვესტორის წინააღმდეგ, რამდენიმე მოტივით იყო განპირობებული. როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. ასევე, როგორც გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ," - განაცხადა "ანაკლიის კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასიმ

იურისტ ქეთი ქვარცხავას განცხადებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაბამისი ინფორმაცია ექნება. 

"ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები საკმაოდ მყარია და არავის იმედად არ ვართ. ცხადია, ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება. არ დავმალავთ, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება, ირღვევა თუ არა ინვესტორის უფლებები. მგონია, რომ სამართლებრივი დავა საკმაოდ მყარი გვაქვს. უბრალოდ ეს სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს,"- აღნიშნა იურისტმა ქეთი ქვარცხავამ.  

დღის ამბები