18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ზოგიერი კონგრესმენი უხერხულობაში ჩავარდება, რადგან მცდარი ინფორმაცია ექნებათ "ფრონტერას" ლობისტების მხრიდან - ნათია თურნავა კონგრესმენების წერილზე

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების ახალ კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კომპანია "ფრონტერას" და მისი ლობისტების მცდელობა ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობას.

მინისტრის თქმით, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დიდი მნიშვნელობა გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანია "ფრონტერას" საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცა. 

"ვაფასებთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ძალიან ვაფასებთ იმ საინვესტიციო გარემოს, რაც გააჩნია საქართველოს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ფრონტერა" დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაო.

აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, არის უსუსური, არაფრისმომცემი და შედეგი დადგება ის, რომ უხერხულობაში ჩავარდებიან ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, იქიდან გამომდინარე, რომ მცდარი ინფორმაცია იქნება მიწოდებული "ფრონტერას" და მისი ლობისტების მხრიდან,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა. 

წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

დღის ამბები