ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე კითხვები კიდევ ერთხელ და ამჯერადაც კონგრესმენების გამოგზავნილმა წერილმა გააჩინა. თუმცა, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ყველა აქცენტი მიმართული იმისკენ, რომ ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას.
საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ კონგრესმენები, რომლებიც "ქართული ოცნების" მმართველობის დროს საუბრობენ ამერიკული ბიზნესის დევნაზე ქვეყნიდან, ძალიან მალე აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ადა აშშ-ს ურთიერთობა დღეს ყველაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
"ფრონტერა საკუთარ ლობისტებს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, არასწორი მიწოდებული ინფორმაციის ხარჯზე,"-აცხადებს იონათამიშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ცალკეული კონგრესმენების განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და აშშ-ს ოფიციალურ ურთიერთობაზე.
"კონგრესმენების განცხადებები, ბუნებრივია, ვერაფერს შეცვლის იმ ძალიან კარგ ურთიერთობაში, რომელიც გვაქვს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ისევე, როგორც გვქონდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან გააკრიტიკეს ხან პომპეო, ხან მერკელი და ა.შ. ეს გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს ოფიციალურ პოზიციაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც და გერმანიის მიმართაც არის ძალიან კარგი,"-განაცხადა სოფიო კილაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა.
წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .
6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.