საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, რომელიც ბოლო წლებში აშკარად პროგრესს განიცდის.
"მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს," -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი რურუას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა.
"წარმოდგენა არ მაქვს პრეზიდენტი მას შეიწყალებს თუ არა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის,", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსნებთ, გიორგი რურუა საქალაქო სასამართლომ დღეს ორ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.