ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სიგნალად თვლის.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით შედეგად, შესაზლოა, დაზიანდეს არა მხოლოდ "ქართულ ოცნება", არამედ ქვეყანაც.
"ეს არის უაღრესად ცუდი სიგნალი არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის," არამედ ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი გადავიდეს ქვეყანაზე, რისი მაგალითიც იყო ბოლო დახმარების აქტში თანხის 15%-იანი შემცირება,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დიპლომატიურ ენაზე ეს წერილი ჯერ ჯერობით მეგობრული "თითის დაქნევაა" აშშ-ს მხრიდან.
"ამაზე მეტი რა უნდა ქნას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ავიამზიდს თუ გამოაგზავნის, არ ვიცი და დიპლომატიური ენით სრულიად გასაგებია ის, რასაც ლაპარაკობს აშშ. ეს არის სიგნალი, გაფრთხილება, თუ გნებავთ, ეს არის ჯერ ჯერობით მეგობრული, მაგრამ თითის დაქნევა, რომელიც ძალიან მაგრად ცხვირში მოხვედრით დამთავრდება, თუ არ გაიგებს ამას ოლიგარქი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა "დამქაშებმა" ჩააგდეს.
"ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, ეს უკვე დაადასტურეს არაერთი გზავნილით ჩვენმა პარტნიორებმა არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ დასავლელმა პარტნიორებმა. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა და სხვადასხვა დამქაშებმა, მისმა მინისტრებმა ჩააგდეს საუკუნის პროექტი და ამით პრაქტიკულად წაართვეს საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა განვითარების, პერსპექტივის და, რაც ყველაზე მთავარია, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა.
წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .
6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.