პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია "დღის კურიერის" ეთერში ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკული წერილს ეხმაურება. წერილში კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სახხელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს, რომ მონიტორინგი გაუწიოს როგორც დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიების მიმართ.
ეკა ბესელია მსგავს გახშირებულ კრიტიკას წინა რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ არჩევის საკითხს უკავშირებს. მისივე განცხადებით, ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ გაგვაჩნია და სასამართლოს სისტემა პოლიტიზირებულია.
"პირდაპირი ბმა არის, რატომ და როდის დაიწყო ეს კრიტიკა? დაიწყო მაშინ, როდესაც აი გახსოვთ თქვენ ცნობილი მოვლენები პარლამენტში, როდესაც დაიწყო იმ ძველი, წარსულში, წინა რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ არჩევა. რა იყო ეს? ეს იყო რა იცით? აი ამხელა ინვესტიციას, როდესაც დებს შენი პარტნიორი ქვეყანა და გეხმარება, მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ იქ დამოუკიდებელი სასამართლოა იმიტომ, რომ რამე პრობლემა თუ შეიქმნება არ შეიძლება მოსამართლე ვიღაცის გავლენის ქვეშ იყოს და პირდაპირ კავშირშია ეს და პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან.
მე ამას შემთხვევით არ ვამბობ იმიტომ, რომ მეოთხე ტალღა სასამართლო რეფორმის მე მიმყავდა და ამ პროცესში ჩართული იყო, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაც ისე, როგორც ევროკავშირიც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებიც და მე ვხედავდი ამ პროცესს როგორ ცდილობდნენ ისინი დახმარებოდნენ ქვეყანას და ამავე დროს გვეუბნებოდნენ, რომ აქ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და ქვეყანამ, ანუ "ქართულმა ოცნებამ", რომელიც სახელისუფლებო პარტიაა, უნდა დაიცვას ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით მთავარი დანაპირები, რომ შენ ამ რეფორმას ბოლომდე მიიყვან. იქ ისეთი რამ მოხდა, როდესაც უკვე წინა რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ არჩევა მოხდა, ვერავინ ეს ვერ გაიგო სწორად და არც გაიგებდა არავინ. იქიდან დაიწყო კრიტიკა, იქიდან დაიწყო პოლიტპატიმრების სტატუსი, გიორგი რურუას საკითხიც ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ.
მე ძალიან ფრთხილი ვარ ამ შეფასებებში და ამ სურათში ვუყურებ ყველა საქმეს. იცით რატომ იმეორებენ კონკრეტულ გვარებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები? იმიტომ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არ გვაქვს ჩვენ და დაინახეს, რომ სასამართლოს სისტემა პოლიტიზირებულია," - განაცხადა ეკა ბესელიამ "დღის კურიერის" ეთერში.