18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღარში მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღარის ხიდთან ადიდებულმა რიონმა გზა ჩამოშალა და ონის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მილები დააზიანა. მიუხედავად ამისა, ონს ამჟამად წყალი ალტერნატიული საშუალებით მიეწოდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამჟამად იწმინდება მდინარის კალაპოტი, რის შემდეგაც წყლის სისტემის და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ აბონენტებს სასმელი წყალი მიეწოდებათ.

ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების - ჯინჯჭვისისა და გომის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები, ასევე დაწყებულია ხიდთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა.

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერთან ერთად სოფელ ღარში პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ონის მერი დავით ჩიკვაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

დღის ამბები