მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ოპოზიციასთან რაიმე სახის თანამშრომლობას არ აპირებს და გეგმავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს. როგორც ზვიად ძიძიგურმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მისი პოლიტიკური ძალა განსხვავებულ საარჩევნო კამპანია ჩაატარებს და აპირებენ კომპრომატების ომის ნაცვლად ისეთ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება, რომელიც მისი თქმით, მოსახლეობას რეალურად აწუხებს, ამ საკითხებს შორის ზვიად ძიძიგურმა ნარკოდამოკიდებულება, ეკლესიაზე თავდასხმები და ვეტერანების მდგომარეობა დაასახელა:
"სად ვხედავთ ჩვენს თავს? ვხედავთ იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. გამორიცხულია, რა საქმე გვაქვს იმ პარტიებთან, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე, ადაპტირებული არიან ან ასოცირებული.
რაც შეეხება სხვა ჩემს კოლეგებს, რომლებიც გავიდნენ უმრავლესობიდან და შექმნეს საკუთარი პარტიები, მე მინდა წარმატება ვუსურვო, კეთილგანწყობას ვადასტურებ, მაგრამ "კონსერვატორებმა" მივიღეთ გადაწყვეტილება სრულიად განსხვავებული საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, კომუნისტების დროს ვიყავით კომუნისტებთან დაპირისპირების რეჟიმში, შემდგომ შევარდნაძესთან დაპირისპირების რეჟიმში, შემდეგ სააკაშვილთან ვიყავით დაპირისპირებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დაძაბული არჩევნები, იქნება კომპრომატების ომი, სადაც "შავი პიარი" სერიოზულ ადგილს დაიკავებს. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ კამპანიაში ჩართვას.
გეტყვით, როგორ კამპანიას ჩავატარებთ, მაგალითად ნარკოდამოკიდებულება არის ძალიან გაზრდილი, კონსერვატორებს გვაქვს რეცეპტი, როგორ უნდა ვუშველოთ ამას და ჩვენი კამპანია იქნება ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა არის ჩემ ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა და აქაც გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას, ასევე თქვენს ოფისში რომ შემოვედი, იქ წერია, რომ გახსოვდეს 20%ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გვახსოვს მაგრამ ამის სანაცვლოდ არაფერი არ კეთდება, რომ პრევენცია, ან ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგას, როცა შენ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა, რომ 20% არის ოკუპირებული და ამ დროს ვეტერანები გყავს ისეთ მდგომარეობაში როგორიც გყავს... ხვალ რომ კიდევ რაღაცა აგრესიის წინაშე დავდგეთ ვინ წავა სამშობლოს დასაცავად, 22 ლარს რომ უხდი ის ვეტერანი მაგალითს მისცემს სხვა ადამიანებს?"-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.