18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"კონკრეტული ფაქტები, რომელიც პირდაპირ მეტყველებს ტყუილზე და სიცრუეზე" - კახა კუჭავა კონგრესმენების წერილზე   

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა კრიტიკულ წერილს ეხმაურება, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მისწერეს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ წერილის მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც  საკუთარი ლობისტური საქმიანობით არის ცნობილი და რაშიც ის თანხას იღებს. კახა კუჭავა ამბობს, რომ წერილში ბევრი არასწორი ინფორმაციაა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ საარჩევნო რეფორმას და ცვლილებებს უკავშირდება. 

"ეს წერილი ხელმოწერილი არის და მისი მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილი არის, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული "ფრონტერას" მხრიდან, რომელსაც ოფიციალურად ფულს უხდიან. მისგან არა ერთხელ მიგვიღია მსგავსი წერილი და მსგავსი კრიტიკული გამონათქვამები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს წერილი დაიწერა იქამდე, სანამ მაიკ პომპეოს ზარი განხორციელდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მოწოდება იყო, რომ საუბრის დროს ეს ეხსენებინათ.

მესამე, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივია და ყველაზე მეტად უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც პირდაპირ მეტყველებს ტყუილზე და სიცრუეზე. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია, რომ აღინიშნოს, იქ ნახსენებია, თქვენ თუ შეგიძლიათ საუბრის დროს ახსენოთ იმ რეფორმის არგანხორციელების შესახებ, რომელიც საარჩევნო რეფორმას უკავშირდებაო... 

ეს არის კონკრეტული ფაქტი, შემდგარი მოვლენა, რომელიც ყველამ იცის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ძალიან ფართო გამოხმაურება ჰქონდა საზღვრებს გარეთაც, საკმაოდ მაღალი შეფასებებიც მივიღეთ ამ კუთხით, რომ ჩვენ შევძელით და ეს პირობა შევასრულეთ, ორივე პირობა. ამიტომ, წერილში თავიდან ამის ხსენება, პირველ რიგში აკეთებს დისკრედიტაციას იმ ფაქტების, რომელსაც ის ცდილობს წარმოაჩინოს სახელწიფო მდივნის წინაშე. ამიტომ, არც არის გასაკვირი, ამის წერილის შემდეგ შედგა კიდეც ზარი და პირიქით, ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მივიღეთ შექება იმ განხორციელებულ რეფორმებზე და მოლოდინებზე იყო საუბარი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა. 

წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

დღის ამბები