იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის და დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კანონი უკვე გამოქვეყნდა" საკანონმდებლო მაცნეზე" და მას არამხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი, ათეული წლების განმავლობაში ელოდა.
იუსტიციის მინისტრმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა ფაქტს იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველად აქვს საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, არამედ მათი უფლებების დაცვის ვალდებულებას.
"კანონი იქნება ეფექტური და შვებას მიცემს 150 ათასამდე შშმ პირს. ეს ძალიან დიდი რიცხვია და მათ ოჯახის წევრებსაც ვულოცავ ამ ყველაფერს. ნებისმიერ დროს შეიძლება შენ თვითონ გახდე შშმ პირი, ამიტომ მეტი ინტერესი უნდა გვქონდეს ჩვენ ამ ადამიანებისადმი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
კანონი შშ პირთა შესახებ მათი უფლებების დაცვას, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს და საკანონმდებლო აქტი თავად განსაზღვრავს სხვადასხვა უწყებების ვალდებულებებს, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისთვის.
თეა წულუკიანმა "შშმ პირთა შესახებ" საქართველოს კანონის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რაც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.
"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ახალმა კანონმა ჩაანაცვლა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი.
ეს უკანასკნელი, მისი მიღების დროიდან გამომდინარე, მთლიანად მოძველებული იყო და აღარ პასუხობდა ამ სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებს, ხოლო ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ფაქტობრივად ვერ მოქმედებდა.
ახალი კანონის პროექტის წერისას განხორციელებული კვლევის მიხედვით, ის 15 000-მდე პირს შეეხება, რაც ცხადყოფს, ქვეყანაში რეფორმის არამხოლოდ მწვავე აუცილებლობას, არამედ თავად რეფორმის მასშტაბსა და მნიშვნელობას.