საქართველოს მთავრობის შემდეგ ამერიკელი კონგრესმენები, საქართველოსთან დაკავშირებით წერილს ახლა უკვე შტატების სახელმწიფო მდივანს უგზავნიან. მაიკ პომპეომ 6 კონგრესმენის გზავნილი 27 ივლისს მიიღო. მარკ მალინის, ჯოდი არინგტონის, ბილ ფლორსის, ვილ ჰარდის, ბრაიან ბაბინისა და რენდი ვებერის ავტორობით მომზადებულ წერილში საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარსებაზე, პოტენციურ კორუფციაზე, ქვეყნის რეგრესსა და ოლიგარქიულ მმართველობაზეა საუბარი.
6 კონგრესმენის წერილის ადრესატს, მაიკ პომპეოს ერთი დღით ადრე პირადად ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, მცდელობის მიუხედავად, ჩრდილი ვერ მიადგება.
შემაშფოთებელს უწოდებს ოპოზიცია 6 ამერიკელი კონგრესმენის გზავნილებს და ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ეს ქვეყანასაც დააზარალებს
ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული ძალებისთვის უფრო საყურადღებო წერილის ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობაზეა საუბარი.
მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი მარკ მალინი პირდაპირ არის კომპანია "ფრონტერას" ლობისტი და შესაბამისად, ხელისუფლებაში არ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ინტერესის მქონე კონგრესმენების გზავნილი 2 ქვეყნის ურთიერთობაში რაიმეს დააზიანებს.
კონგრესმენებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ოპონენტები დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. მთავრობის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები, შესაძლოა, მსგავსი შეფასებების გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
6 კონგრესმენის წერილის პარალელურად, გამოცემა "ჰიუსტონ ქრონიკალმა" სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა დეტალურად საუბრობს იმ კონგრესმენებზე, რომლებიც საქართველოში ბიზნესის შევიწროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ - მათ შორის, მალინი, ბაბინი და არინგტონი. სტატიის მიხედვით, თითოუელი მათგანის საარჩევნო კამპანიის შემომწირველი კომპანია Frontera იყო და მათი განცხადებები "ფრონტერასთან" პირდაპირ კავშირშია.