18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"პაატა ბურჭულაძესთან მუდმივ კონსულტაციაში ვიმყოფებით ყველა საკითხზე" - გრიგოლ ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ბურჭულაძე საარჩევნო სიაში იყოს

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად ესწრება "ნაციონალური მოძრაობა", "ძალა ერთობაშიას" შეკრებას.

გაერთიანება კი, პირველად იკრიბება მას შემდეგ, რაც მათ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი გამოეყვნენ.

სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მონაწილეობით, ისინი იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. სავარაუდოდ საუბარი შეეხება, რამდენად შესაძლებელია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გადაიფიქროს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დამოუკიდებლად წარდგენაც.

ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო სიაში პაატა ბურჭულაძეც ვიხილოთ. 

"კი არ შევმცირდებით, კიდევ უფრო გავიზრდებით. აზრის სხვადასხვაობა იმაზე კი არ იყო ერთად უნდა ვიყოთ თუ არა, არამედ იყო პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებაზე, რა ფორმით თანამშრომლობა აჯობებს იმისათვის, რომ მთავარ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ის 2018 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საზოგადოებას დაენახა "ქართული ოცნების" არჩევნების გზით დამარცხება, არამარტო შესაძლებელია, არამედ გარდაუვალიც კი არის და მასთან ჩვენ მუდმივ კონსულტაციაში ვიმყოფებით ყველა საკითხებზე,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ. 

პოლიტიკური მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძის განცხადებით კი, მისი დიდი სურვილია პაატა ბურჭულაძე 2020 წლის არჩევნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. 

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ ის არ იქნება წინააღმდეგი თუ რესპუბლიკური პარტია "ძალა ერთობაშიას" შემოუერთდება. 

"მიმდინარეობს კონსულტაციები, საუბარი არის საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებაზე. თუ როგორი იქნება ეს ჩამოყალიბების შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. დღეს ჩვენ შევიმუშავებთ იმ კეთილგონივრულ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის. რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას, არ ვარ წინააღმდეგი თუ ისინი "ძალა ერთობაშიასშემოუერთდებიან,""- აღნიშნავს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.

დღის ამბები