18 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის არა - ირაკლი ბერაია

ოპოზიციის მოწოდებას პრეზიდენტის მისამართით, რომ შეიწყალოს პატიმარი გიორგი რურუა, "ქართულ ოცნებაშიც" გამოეხმაურნენ. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში, პოლიტიკა და მართლმსაჯულება გამიჯნულია. 

"პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვის შეიწყალებს და ვის არა. როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა ორი დამნაშავე - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, მან გააკეთა განმარტება რატომ დგამდა ამ ნაბიჯს. ეს არის პრეზიდენტის პოზიცია და გადაწყვეტილება. პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში არის გამიჯნული ერთმანეთისგან და ასე ხდება საქართველოშიც. პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა,"-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა ვის შეიწყალებს პრეზიდენტი, თავად მისი გადასაწყვეტია. 

"გიორგი რურუა ჩემთვის არც პოლიტიკურ პერსონას წარმოადგენს და, მათ შორის, არც მედიასთან დაკავშირებულ პირს, რადგან ვიცით მისი დამოკიდებულება და ჩართვის ხარისხი მედიაში. რაც შეეხება მის პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას და თავად პროცესს, რომელიც სასამართლოში წარიმართა, ერთის მხრივ, სასამართლო, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეჭვი შევიტანო ამ დამოუკიდებელი შტოს გადაწყვეტილებაში და მეორეს მხრივ პრეზიდენტის ნება და უფლება არის შეიწყალებს თუ არა იგი კონკრეტულ პატიმარს,"-განაცხადა ნინო წილოსანმა. 

2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას 2020 წლის 8 მარტს მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, გიორგი რურუას კი, 30 ივლისს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით 4 წელი მიუსაჯეს.

დღის ამბები