საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. 22%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი, ასევე - არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება კი მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას, რომელიც 95%-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურნენ საქართველოს ბიზნესსექტორშიც. მათი თქმით, გასულ წელს შექმნილი მოლოდინების ფონზე, რომელიც 5%-იან ეკონომიკურ ზრდას გულისხმობდა, მინუსებში გადასული ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით მძიმე ვითარებას ქმნის. ბიზნესსექტორში მშენებლობის სფეროში სიტუაციის შედარებით გაუმჯობესების იმედი აქვთ, რადგან ბოლო თვეში ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები არის, თუმცა ნაკლებ მოსალოდნელია, რომ მსგავსი გაუმჯობესება იყოს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში. ბიზნესის წარმომადგენლებს პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით უჭირთ, რადგან ჯერ კიდევ არაა ცნობილი, როდის აღდგება ფრენები და მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან.
"ძირითადი ფაქტორი უკავშირდება იმ ეპიდემიურ სიტუაციას და აქ ორად უნდა გავყოთ. ერთი არის რომ პირდაპირ არის კავშირში ფიზიკურად ადამიანების გადაადგილებასთან და ეს უკავშირდება ტურიზმს და აქედან გამომდინარე შეფერხებას. მეორე ნაწილი უკავშირდება კრიზისის დროს ადამიანებს ქცევას,"- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
უახლოეს დღეებში საქართველოს სტატისტიკის სამსახური ინფლაციის მონაცემებს გამოაქვეყნებს.