ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა. ეს პასუხი მინისტრს, საქსტატის დღევანდელ მონაცემებზე ჰქონდა.
"ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის დარგობრივი სექტორი. 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა.
წინა წლის ივნისთან შედარებით სექტორი გაზრდილია. ესეც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიზღუდავს ეს მნიშვნელოვანი სისტემა - შემქმნელი სექტორი და ამიტომაც პოზიტიური მაჩვენებლები მივიღეთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.
კომპანია Galt and Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევა ბოჭორიშვილი ტურიზმის სექტორის ეკონომიკურ სცენარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინი და საბაზისო სცენარია ტურიზმის შემოსავლების დაახლოებით 64%-იანი კლება.
"ჩვენი საბაზისო სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის შემოსავლების დაახლოებით 64%-იან კლებას. ჯამურად ველოდებით, რომ ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდება. უფრო პესიმისტურ სცენარში კი, ვუშვებთ, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა და ამ შემთხვევაში ველოდებით 90%-იან ვარდნას. ეს კი დამატებით გააუარესებს მომხმარებლის ბიზნეს განწყობებს,"- აღნიშნა კომპანია Galt and Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა.