რაჭა გუბერნატორის გარეშეც დარჩა - მაშინ, როდესაც რეგიონი ზარალს ითვლის, რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილია, განადგურებულია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თანამდებობა დატოვა. ოფიციალურად ყველა აცხადებს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა პოსტიდან წასვლის რა აუცილებელი საფუძველი ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს სტიქიის პერიოდში - ამაზე არავინ საუბრობს.
რაჭის გუბერნატორის მტკიცებით, გადადგომის შესახებ 4 თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად სტიქიასთან გამკლავების დრო აირჩია. არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა იმ დროს დატოვა, როცა თავისივე რეგიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა, გზები ჩაინგრა, ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო და გლეხები ერთადერთი შემოსავლის გარეშეც დატოვა. ამ რთულ პრობლემებს კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პირადი განცხადებით გაემიჯნა.
მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ სამთავრობო გუნდში სავარაუდო დაპირისპირების ვერსია გააჩინა. თუმცა ეს არ დაადასტურა ვიცე-პრემიერმა, რომელიც სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას დღეს უკვე გუბერნატორის გარეშე უწევდა. როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, უკვე დიდი ხანია არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობიდან წასვლა უნდა.
საკადრო ცვლილებების პარალელურად გრძელდება სტიქიის მძიმე შედეგებთან ბრძოლა. ვერტმფრენებით, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან უკვე 300-მდე ადამიანი გამოიყვანეს. რთულ მონაკვეთებზე საბაგირო მაგისტრალები მოეწყო. გზების აღდგენამდე სწორედ სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით გახდა შესაძლებელი საკვები პროდუქტების მიწოდება მათთვის, ვინც სახიფათო ზონებში დარჩა.
5 სოფელთან საავტომობილო მოძრაობა ჯერჯერობით ისევ შეუძლებელია. ინტენსიურად გრძელდება დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოებიც. სტიქიიდან მესამე დღეს 17 სოფლიდან უმრავლესობას უკვე ელექტროენერგია მიეწოდება.
რეგიონში სტიქიის კვალის სრულად გაქრობას დროც ბევრი სჭირდება და თანხაც. 50 მილიონ ლარზე მეტი ზარალის ასანაზღაურებლად, რამდენიმე თვიანი სამუშაოები უკვე დაიგეგმა.