18 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში მმართველი პარტიის გარდა რეგიონებში ერთმანეთსაც დაუპირისპირდება

რეგიონებში მაჟორიტარულ კოორდინაციაზე მოლაპარაკებების ფანჯარა რომ იხურება, პარტნიორებს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს. "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უარით რეგიონებში მეორე ტურების ჩატარების რისკები მატულობს, თუმცა სტრატეგიული ამოცანა - დედაქალაქზე შეთანხება - უკვე მიღწეულია.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, პოლიტიკური ბრძოლის მოედანზე ყველა საკუთარი სტრატეგიით გავა და დედაქალაქში პარტნიორები რეგიონებში უკვე კონკურენტებად გადაიქცევიან. თუ რეგიონალურ ოლქებსა და დიდ თვითმმართველ ქალაქებზე კოორდინაციას "ევროპული საქართველო" სხვა ოპოზიციონერებთანაც ვერ შეძლებს, ჩაშლილი მოლაპარაკებების პირობებში მეათე მოწვევის პარლამენტში შესასვლელად მსხვილ ოლქებში სავარაუდოდ ამ შემადგენლობით იბრძოლებს:

რუსთავი - ირმა ნადირაშვილი
თერჯოლა-ზესტაფონი - გიგი წერეთელი
ფოთი ან მარტვილი - გიგი უგულავა
ხულო - ტარიელ ნაკაიძე
ხონი/ვანი - აკაკი ბობოხიძე

თერჯოლა-ზესტაფონი, ფოთი ან მარტვილი, ხულო, ხონი-ვანი - ეს სწორედ ის ოთხი ოლქია, სადაც "ევროპული საქართველო" საკუთარი კანდიდატების მხარდაჭერას "ნაციონალური მოძრაობისგან" ითხოვდა. პარტიის პოზიცია კი უცვლელია, ისინი 22-ვე ოლქში საკუთარი რჩეულებით ბრძოლას აპირებენ.

ამბობენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს პარლამენტში მოხვედრის საშუალებას სწორედ ამ გადაწყვეტილებით არ მისცემენ.

ფსონის დადება ნაკლებად ძლიერ კანდიდატებზე მათთვის დამარცხების ფორმულაა.

"ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში გამოკვეთილი ლიდერები უკვე ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს ქუთაისში, დანარჩენ ოლქებში კი "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლების წინაშე სავარაუდოდ ამ კონფიგურაციით წარდგება:

ბათუმი - ლევან ვარშალომიძე
რუსთავი - დავით კირკიტაძე
თელავი - გიორგი ბოტკოველი
გურჯაანი - ლევან ბეჟაშვილი
ქუთაისი - გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე კვირიანი ტაიმაუტის შემდეგ "ძალა ერთობაშიას" შეხვედრაზე დღეს პირველად გამოჩნდა. ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა გაერთიანებიდან თაკო ჩარკვიანისა დ გიორგი ვაშაძის წასვლას.

შეხვედრაზე მისული ლიდერების მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ძალა ერთობის გარეშე არ დარჩენილა და კოალიცია ამომრჩევლის წინაშე სავარაუდოდ საარჩევნო ბლოკის სახით წარდგება. "ძალა ერთობაშიას" წევრები ამტკიცებენ, რომ ერთიანი სიის ფორმირებაზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო სიის მეორე ნომერი ან მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ბურჭულაძე იყოს.

ვის აქვს პრეტენზია 2020 წლის ოქტომბერში მოსახლეობის რჩეული გახდეს და ვინ რა სტრატეგიით დაიკავებს ამ სავარძლებს მეათე მოწვევის პარლამენტში - კონტურები ამასთან დაკავშირებით ახლო მომავალში კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამ დროისთვის ლიდერები კვლავ შიდაპარტიული კონსულტაციების რეჟიმში რჩებიან და საარჩევნო კამპანიის სტარტისთვის ემზადებიან.

დღის ამბები