პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოძრაობიდან "ხალხისთვის" ანა დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში იმ გარემოებებს განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა წელს არჩევნებში მონაწილეობა.
ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ანა დოლიძე გია ვოლსკის კანდიდატურას ასახელებს და აცხადებს, რომ გია ვოლსკი "ქართული ოცნების" უარყოფით მხარეს წარმოადგენს. მისივე თქმით, გია ვოლსკის არ გააჩნია პოტენციალი, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქს ახალი მუხტი მისცეს.
"დიახ, მე გადავწყვიტე, რომ დავაყენო საკუთარი კანდიდატურა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში და ეს უკავშირდება ძირითადად 3 მიზეზს. პირველი ეს არის გია ვოლსკის პიროვნება და ის ფაქტი, საბოლოო წერტილი, მე რა თქმა უნდა მანამდეც ვფიქრობდი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, ეს არა ერთხელ აღვნიშნე, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ აქ დადგა ადამიანი, რომელიც წარმოადგენს "ქართული ოცნების" სახეს და მის უარყოფით მხარეს, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა აქვს პოტენციალი, რომ ახალი მუხტი, ახალი სიცოცხლე მისცეს ამ ოლქს - ეს არის ერთი.
მეორე - თვითონ ამ რაიონის და ოლქის უზარმაზარი კულტურა, ეკონომიკური პოტენციალი.
და მესამე - ჩემი კავშირი იმიტომ, რომ მე ვცხოვრობდი დიღმის მასივში. კარგად ვიცნობ დიღმის მასივს კონკრეტულად და შესაბამისად ვიცნობ ამ უბანს, უბნის ნაწილს მაინც.
აქვე ვიტყვი, გია ვოლსკიმ ჩუღურეთის რაიონში 2016 წელს კი გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ ეს იყო სწორედ ისეთი არჩევნები, რომელიც არ გვინდა, რომ იყოს წელს, პოლარიზებული არჩევნები, არჩევნები, როდესაც გია ვოლსკი უპირისპირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენელს და ამ თანაფარდობაში მას ცალსახად იმ რიტორიკით, რომელიც ძლიერი იყო მაშინ, რა თქმა უნდა ჰქონდა უპირატესობა. ჩვენ გვინდა ამ პოლარიზაციას ავცდეთ ამ წელს," - განაცხადა ანა დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.