საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფის კვლევას ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება.
ნათია თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან, ბიზნესი თავისუფალია და ყველა ის ობიექტი, რომელიც პანდემიის დროს კარანტინისთვის შეირჩა, მხოლოდ შესაბამისი სტანდარტების გამო მოხვდა სიაში.
თავად ჟურნალისტური კვლევის ავტორები კი, სახელმწიფო ტენდერებში კორუფციულ რისკებს ხედავენ.
"რაც შეეხება სხვადასხვა მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ 150 სასტუმროს შორის არიან ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", ამაში გასაკვირი არაფერია. ცნობილია, რომ ჩვენ მოსახლეობა გვიჭერს მხარს, ჩვენმა გუნდმა ბიზნესს, რომელიც მანამდე დატერორებული იყო, თავისუფლება მოუტანა. ამიტომ, არ არის გასაკვირი რომ ჩამონათვალში იქნებიან მრავლად ისეთი ბიზნესმენები, ვინც ღიად გამოხატავს ჩვენს მიმართ მხარდაჭერას. თუმცა, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის სასტუმროს შერჩევისას პოლიტიკურ ორიენტაციას და ნებისმიერი სასტუმრო, რომელიც ელემენტარულ სტანდარტებს პასუხობს, შესაძლებელია მათ მოგვმართონ ჩვენ," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით კი, ეს არის ოპონენტების მიერ აგორებული სპეკულაცია, რომლებმაც არ იციან თუ რა ფასი აქვს ადამიანის ჯანმრთელობას.
"იმ ადამიანებმა, ვინც რეალურად იციან ადამიანების ჯანმრთელობისათვის დროს რა ფასი აქვს - ასეთ სპეკულაციებს არ დაიწყებენ. თუმცა, თუკი სადმე რაიმე გადაცდომა იყო, ეს შეუძლიათ სამართალდამცავი ორგანოების ხაზით შეისწავლონ,"- აღნიშნავს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოში კორუფციის შესახებ სტატიას აქვეყნებს. Bellingcat-ის მკლევარები სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული გარიგებებზე მიუთითებენ. ძირითად აქცენტი COVID-19-ის პირობებში სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე და საკარანტინო ზონისთვის გამოყოფილ თანხებზე კეთდება.
"სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა მის გამჭვირვალობას, შეჯიბრეობითობას და ვერ გვისაბუთებენ თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს კომპანიები. შესაბამისად, ეს ბადებდა კითხვის ნიშნებს და იმას, რომ ხელისუფლება ცდილობდა თავისი მხარდამჭერებისა და საყრდენი ძალის კიდევ უფრო გაძლიერებას და მათში მეტი ფინანსური რესურსის ჩადებას," - აცხადებს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ანალიტიკოსი, სტატიის თანაავტორი თამთა ჯოლოხავა.
სტატიის ავტორები ერთის მხრივ ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ადგილზე ადევნებენ თვალს და მეორეს მხრივ, თავად იკვლიეს არსებული მდგომარეობა. სტატიაში ნათქვამია, რომ ის კომპანიები, რომლებიც არჩევნების დროს ხელისუფლებისა თუ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გულუხვი შემოწირულობებით გამოირჩეოდნენ, მარტივად დასაქმდნენ იმ მიმართულებით, რომელიც კორონავირუსმა გააჩინა, კერძოდ საკარანტინო ზონები, პირბადეების თუ სხვა აღჭურვილობის წარმოება.
Bellingcat საუბრობს იმაზე, რომ ბევრი კომპანია საერთოდ არ არსებობდა და დაარსებიდან მეორე დღესვე მოახერხეს გამარჯვება და ამ საქმეში ჩართვა. ასევე, ზოგიერთი კომპანია საერთოდ არ იყო ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული აქამდე, თუმცა ამ პროცესებში ჩართვა მათაც ადვილად მოახერხეს. იმის გამო რომ შესყიდვები მარტივი სქემით, გაუმჭვირვალედ ხდებოდა, ავტორებს გაუჩნდათ ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით.