როგორ ჩამოვლენ პანდემიის პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში, რომლებმაც არჩევნებს მონიტორინგი უნდა გაუწიონ. ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს, ტრადიციულად, ასეულობით დამკვირვებელი ადევნებს თვალს. ყველაზე დიდი დელეგაცია კი "ეუთოს" ყავს. მაგალითად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
რა იქნება წელს - ჯერჯერობით, წესებთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს მოუწოდებენ დროულად გასცენ პასუხები კითხვებს, როგორ უნდა ჩამოვიდნენ დამკვირვებლები ქვეყენაში. მოწვევა ოფიციალურმა თბილისმა ამ დროისთვის უკვე გაუგზავნა 55-ივე საერთაშორისო ორგანიზაციას.
"პანდემიამ ზოგადად იმოქმედა სადამკვირვებლო მოქმედებებზე, იმიტომ რომ რამდენიმე ქვეყანაში ვერ ხდება სრულად ახლაც მისიების გაგზავნა, მაგრამ ოქტომბრისთვის ყველას აქვს იმის განცდა, რომ იქნება გაცილებით უკეთესი სურათი და ასეთ შემთხვევაში უნდა იყვნენ დამკვირვებლები. მე არც ვუშვებ იმას, რომ შეგნებულად შეიძლება ვინმემ იმგვარად დაძაბოს სიტუაცია, ან რაიმე იმგვარი გზავნილები იყოს, რომ შეფერხდეს უცხოელი დამკვირვებლების აქ ჩამოსვლა. ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი," - აცხადებს "ეუთოს" საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი,საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ჩამოსვლა მოახერხოს:
"საინტერესოა და გამოსადეგი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები გვქონდეს და ასევე შემდგომ პერიოდზე უკვე რეკომენდაციები, რასაც საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ ხოლმე თუნდაც საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად. ჩემი აზრით ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ მოახერხოს ჩამოსვლა," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
იმ შემთხვევაში თუ დამკვირვებლები საერთოდ ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას და ამაში ხელისუფლების როლიც იქნება, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ამასთან ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მიუხედავად კორონასთან მებრძოლი ექიმების ხელისუფლებისადმი სიმპათისაა, COVID-19-თან დაკავშირებით ტყუილი ციფრების დაწერა არ მოხდება:
"თუ დადგება იმისი საფრთხე, რომ საერთოდ ვერ ჩამოვლენ დამკვირვებლები და ამას ხელისუფლება შეგნებულად გააკეთებს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა მოვითხოვოთ არჩევნების გადადება. სამწუხაროდ, ექიმების გამოჩენამ მაჟორიტარების კამპანიაში გააჩინა კითხვები და ეს ძალიან ცუდია, თუმცა მე მაინც მაქვს იმედი ამ ადამიანების კეთილსინდისიერების და იმედი მაქვს, რომ ტყუილი ციფრები გავრცელებული საქართველოში არ იქნება," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე სწორედ დამკვირვებლების სიტყვას მიიჩნევს გადამწყვეტად იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებას გადარჩეს და ამასთან აცილებული იქნას სამოქალაქო დაძაბულობა.
"საერთაშორისო დამკვირვებლების სიტყვა არის მთავარი სიტყვა, რომელმაც შეიძლება ეს არჩევნები გადაარჩინოს, ერთის მხრივ გაყალბებას და მეორეს მხრივ, ძალიან სერიოზულ სამოქალაქო დაძაბულობას, ამიტომ სრული მასშტაბით თუ არ იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეს იქნება პრობლემა თვითონ არჩევნების დახასიათებისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჭირდებათ სრული მასშტაბით დაიცვან საკუთარი არჩევანი," - განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობა არჩევნების მაღალი ხარისხით ჩატარების პირობას დებს და აცხადებს, რომ დაცული იქნება ყველა სტანდარტი, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობაც:
"შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატიულობის პრინციპით, სადაც დაცული იქნება არჩევნებისთვის გათვალისწინებული ყველა სტანდარტი, მათ სორის ცხადია საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა არჩევნებში," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა.