რა გადაწყვეტილება მიიღო "ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით - ოპოზიციური პარტია საკუთარ გეგმებს დღეს გაახმაურებს.
პრეზენტაციით იწყებს პარტია წინასაარჩევნო კამპანიასაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხულოში პარტია ტარიელ ნაკაიძეს დაასახელებს; გიგი უგულავა იქნება ფოთში ან მარტვილში, თერჯოლა-ზესტაფონი - გიგი წერეთელი, ხონი/ვანი - აკაკი ბობოხიძე, რუსთავი - ირმა ნადირაშვილი.
"ევროპული საქართველო" ჩვენი პარტიის ცნობილ სახეებს და ლიდერებს, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ პოლიტიკაში ყოფნის და გამოხატავენ ქართული საზოგადოების ინტერესებს იხილავს ქართული საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ "ევროპული საქართველო" იქნება ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში და იქნება წამყვანი პოლიტიკური პარტია შემდგომ სამთავრობო კოალიციაში," - აღნიშნა პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ.
შეგახსნებთ, რომ ხანგრძლივი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან რეგიონებში საერთო კანდიდატი დაესახელებინათ უშედეგო აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა, 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარი კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილება მიიღო.