პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა დღის კურიერში სტუმრობისას განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ამოცანაა, მმართველი გუნდი ყველა საარჩევნო ოლქში დამარცხდეს.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია ორ კვირაში წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატებს. მისივე თქმით, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ისინი კონკრეტულ ოპოზიოციონერ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.
"უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვახდენთ ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას. ვარჩევთ ყველა მაჟორიტარული ოლქისთვის კონკურენტულ, ძლიერ კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ ამ ქვეყანას დაეხმარონ. ჩვენ მივყვებით გეგმას, რომელიც გულისხმობს ყველა მაჟორიტარული ოლქისთვის ძლიერი, კონკურენტული კანდიდატის შერჩევას. წარდგენა მოხდება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.
ჩვენი ამოცანაა რომ დავამარცხოთ "ქართული ოცნების" კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში. ამიტომ, შესაძლოა, ოპტიმალური გამოსავლის და გადაწყვეტილების მოსაძებნად კოორდინაცია განვახორციელოთ ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან. მაგრამ, ამ შემთხვევაში, სიტყვა "დათმობა" არ არის ადეკვატური სიტყვა, ჩვენ ვსაუბრობთ კოორდინაციაზე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიპოვოთ მაჟორიტარული ოლქებში ოპოზიციური ხმები.
ჩვენ რომელიმე პარტიასთან განსაკუთრებული სიხშირის კონსულტაციები არ გაგვაჩნია. ზოგადად, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს.
კოორდინაციის რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში უფრო მიზანშეწონილად ჩაითვალოს კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენი ამოცანა ოპოზიციონერ კოლეგებთან არის საერთო - "ქართული ოცნების" კანდიდატების დამარცხება,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი კონკურენტი საბურთალოს საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება.
"მე ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი, ეს უკვე განვაცხადე საბურთალოს ცენტრალურ ოლქში და შესაბამისად, ორიენტირებული ვართ გამარჯვებაზე ამ საარჩევნო ოლქში. მიგვაჩნია, რომ საბურთალო იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. მე მინდა რომ საბურთალოს მოსახლეობასთან ერთად ვიყოთ ცვლილებების ავანგარდში.
მთავარი კონკურენტი ჩემთვის არის "ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა კანდიდატს, რომელიც იქნება საბურთალოს საარჩევნო ოლქში, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანაა, ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხება. საბურთალოს საარჩევნო ოლქში ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ კანდიდატები ერთმანეთს შევეჯიბროთ ხედვებით," - აღნიშნა ჯაფარიძემ.