17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"მე და ქალბატონ თამარს გვყავს ერთი წინაპარი, თუმცა სამი წელი ვმალავდი და ხმას არ ვიღებდი, ნაზი ჯანეზაშვილიც ჩემი ნათესავია" - იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი იყო 

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ღვამიჩავა სხდომას დღეს პირველად დაესწრო. საბჭოს შეკრება დღესაც ხმაურიანი აღმოჩნდა. ​საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, პრეზიდენტის კვოტით დანიშნული საკუთარი კოლეგა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ღვამიჩავა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და მისი შეფასებით, ე.წ. კლანის წევრის ირაკლი შენგელიას ნათესავია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის.

თავის მხრივ ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, რომ მას და თამარ ღვამიჩავას საერთო წინაპარი ჰყავთ და ასევე განაცხადა, რომ თავად ნაზი ჯანეზაშვილიც მისი ნათესავია. საუბარი ჯანეზაშვილსა და შენგელიას შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა. შენგელიამ ჯანეზაშვილს კორექტულობისკენაც მოუწოდა.

"მე და ქალბატონ თამარს გვყავს ერთი წინაპარი, თუმცა შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ქალბატონი თამარ ღვამიჩავა უნდა მენახა ან ჭირში ნათესავებთან, ან ლხინში. მე არ მინახავს ქალბატონი თამარ ღვამიჩავა. მაგრამ მე სამი წელი ვმალავდი და ხმას არ ვიღებდი, ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ჩემი ნათესავია. ცოტა კულტურა იქონიეთ ქალბატონი ნაზი და "აუფ" ცოტა სხვაგან ისაუბრეთ, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ხართ. თქვენც ხართ ჩემი ნათესავი, მე ამას ვმალავდი და თქვენ ჭირშიც მინახიხართ და მოსამართლეებსაც დაუნახიხართ," - მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს.

ნაზი ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია, თუ რა დამსახურებისთვის დაინიშნა თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამდებობაზე.

"ერთადერთი რაც მე მაინტერესებს, რატომ გახდა იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. პროცესი იყო გაუმჭვირვალე, პროცესი იყო დახურული. ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს არ მინდა რომ ზიანი მივაყენო თქვენს გამო, იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით რეგვენი. თქვენ არ იცით, სად რა უნდა ილაპარაკოთ. შოკირებული ვიყავი, რომ ასეთი ადამიანი, რომელიც დღეს სასამართლო სისტემას ასეთ მძიმე მდგომარეობაში აგდებს, არის ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის მამიდაშვილი," - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

"თქვენც გამოდის, რომ ჩემი გადაწყვეტილებით ყოფილხართ მაგ თანამდებობაზე და მე მიმიღია, თითქოსდა, წვლილი თქვენს დანიშვნაში. ამაზე მგონი არ ვდაობთ არავინ. სიტყვა "რეგვენით" მიმართო იუსტიციის საბჭოს წევრს, ეს არის ძალიან ცუდი რამ," - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, ღვამიჩავა შენგელიასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან არანაირი შეხება არ აქვს.

"წინაპარი გვყავდა საერთო. ამ პროცესებთან მერწმუნეთ ბატონ ირაკლის არანაირი შეხება არ ჰქონია. მე დაგიდასტურეთ, რომ იუსტიციის აკადემიურმა საბჭომ დამიჭირა მხარი, წარმადგინა ასე ვთქვათ ამ პოზიციაზე. არ გვაქვს ახლო ნათესაური კავშირი. მე არ ვიცნობ მისი ოჯახის წევრებს. არასდროს არ მქონია შეხება მის მეუღლესთან, მის შვილებთან. ამას მე მგონი ყველა დაადასტურებს. მასთანაც აქამდე არანაირი შეხება არ მქონია. შეიძლება მე მქონდეს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება და ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად ბოლომდე გააზრებული.

არის გარკვეული ხარვეზები სასამართლოში. სასამართლო ყოველგვარი ზეგავლენისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირებისთვის," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა თამარ ღვამიჩავამ

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.  

დღის ამბები