ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გმობს. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო 8 აგვისტოს ომიდან 12 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამერიკელი კონგრესმენი ხაზს უსვამს ამერიკის მოკავშირეებთან პარტნიორობის აუცილებლობას და მათ დახმარებას რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების პრევენციისთვის.
"ამ კვირაში რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 12 წელი სრულდება. საქართველოს ტერიტორიის ანექსია და მიმდინარე ოკუპაცია აშკარა შემახსენებელია საზღვარგარეთ ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან აუცილებელი პარტნიორობისა, ბევრი მათგანი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან გამკლავებაში აშშ-ის დახმარებაზეა დამოკიდებული.
მართალია, ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მსოფლიოს შევახსენოთ სუვერენიტეტისადმი პატივისცემის აუცილებლობა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე უნდა მოვიქცეთ მსოფლიოს მასშტაბით არსებული აგრესიული ქმედებებისა და ოკუპაციის გამო. რუსეთის შეჭრა განხორციელდა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ კიბერსივრცეშიც, როდესაც მათ დაიწყეს კიბერთავდასხმები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს რეაგირება და შესაძლებლობები.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოსადმი ერთგულებას, ასევე ჩვენი მოკავშირეების მზადყოფნისთვის ხელშეწყობით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მსგავსი თავდასხმების პრევენციაზე,"- ნათქვამია "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში.