აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტს, ოპოზიცია საგანგაშოდ აღიქვამს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ანგარიში მწვავე და ნეგატიური იქნება, საქართველო მნიშვნელოვანი დაფინანსების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
საუბარია სწორედ იმ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოს შტატებმა მომავალ წელს დაფინანსება 15%-ით შეუმციროს.
მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე ამბობს, რომ პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების გამოყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
"ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისგან დახმარება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ იმიტომ, რომ ცალსახად გამოჩნდა და სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დეპოლიტიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დასკვნა ნეგატიური იქნება და საქართველო კრიზისის პერიოდში ასობით მილიონ დოლარს დაკარგვას.
"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე დაინტერესებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური პასუხები იქნას გაცემული ამ თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, გამოცდილი ადამიანი, პრაგმატული მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც ვიცი დღეს არსებული რეალობა ქვეყანაში, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, დასკვნა იქნება ნეგატიური და შესაბამისად, ჩვენ დავკარგავთ კრიზისის უმწვავეს პერიოდში ასობით მილიონ დოლარს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დოკუმენტის შესახებ შეფასება გააკეთა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკა ყოველთვის ემსახურებოდა სრულიად მიზანმიმართულად იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მოხვედრილიყო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და საქართველოს არც ერთი მეგობარი, არც ერთი პარტნიორი და ინვესტორი აღარ აღიქვამდა სერიოზულად," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განსაზღვრულია ის ვადები და წესებიც, რომლითაც შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს.
კერძოდ, კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღეში, მაიკ პომპეომ კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით.