რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას გამოეხმაურა, სადაც დაღუპულ გმირებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მტრის მცდელობის მიუხედავად საქართველო ომმა ვერ დაამარცხა და ქვეყანა დემოკრატიული და დამოუკიდებელია და წინსვლას აგრძელებს:
"დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ. ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად ჩვენ ვართ ძლიერად, დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის ნიშანი არის ის გამოხმაურება რაც იყო დღეს, გუშინ და გუშინწინ ყველა ჩვენი მეგობრისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომლებსაც არ ავიწყდებათ ის რაც მოხდა და არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება, რომ ჩვენ წინ მივდივართ და წარმატებით მივდივართ ისე რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით, ეს იყო ის რაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, ტერიტორიების და ხალხების გაერთიანების საწინდარი საზოგადოების ერთობაა:
"ჩვენ ერთიანობის მაგივრად ვართ ჩავარდნილი ისეთ სიძულვილში, რაც ხელს მხოლოდ ერთს ჩვენ მტერს აძლევს.ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ჩვენი ერთობა," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.