ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ დასავლეთი კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ პრაქტიკული გზების გამონახვაში, რომელიც რუსულ-ქართული კონფლიქტის მოგვარებას სხვა დინამიკას მისცემს.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ პროცესს, მმართველმა გუნდმა პარტნიორებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ისინი არჩევნებს გაუმჯობესებული დემოკრატიული სტანდარტით ჩაატარებენ. საუბარი საერთაშორისო კონფერენციაზე შედგა, რომლის სახელწოდებაც იყო "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი".
"მიუხედავად გამოწვევებისა, გარდამავალ პერიოდში დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირება მოვახდინეთ. წარმატებას მივაღწიეთ, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში. ბოლო დროს მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი დაიწყო, რა საარჩევნო სისტემის და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. რაც ემყარება საუკეთესო დასავლურ სტანდარტებს. ასეთი გამორჩეული მიღწევებით საქართველო ნამდვილად ჩანს , როგორც მთავარი რეფორმატორი მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. ევროპული პარტნიორების უმრავლესობა ამაზე საუბრობს," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა საჭიროებს უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისაგან:
"ჩვენ ვიცით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა რა შედეგები მოიტანა და შეგვიძლია, იგივე შედეგების დანახვა ევროპის სხვა რეგიონებში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა საჭიროებს უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისაგან. უნდა შეიცვალოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკა, რომელშიც უნდა ჩაერთოს ევროპული საზოგადოება," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.