გიორგი გახარიას, რომელიც ახმეტაში იმყოფება, შტაბის წევრებთან ჩართვა დისტანციურად ჰქონდა და სვანეთში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. მისი თქმით,შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს წუთებში უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
"ჩვენ გვიწევს, სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება, ისევე, როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირებისთვის.
გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედული, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არ არის. ვმართავთ ამ პროცესს დეტალურად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში მომზადებული არის საჰოსპიტალო სისტემა, რომ შემთხვევების მატების შემთხვევაში პროცესი სრულად მართონ.
საქართველოში დღეს გამოვლენილი 25 შემთხვევიდან 17 სვანეთში გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ლენჯერში კორონავირუსით ინფიცირების წყარო თბილისიდან ჩასული პირია.