აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის გზავნილებს ოპოზიცია ეხმაურება- პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოში" ფიქრობენ, რომ სტივენ ბიგანმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, ხელისუფლებამ ანაკლიისა და სხვა პროექტები მიზანმიმართულად გააჩერა, რითაც რუსული პორტების ინტერესებს შეუწყო ხელი.
"ბიგანის განცხადება არის სრულიად მკაფიო გაფრთხილება წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ხელისუფლების მიმართ. ანაკლიის და სხვა პროექტების მიზანმიმართული გაჩერებით ამ ხელისუფლებამ პირდაპირ შეუწყო ხელი რუსული პორტების ინტერესებს," – აღნიშნა პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
"ევროპულ საქართველოში" კი თვლიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სტაბილურობას და წარმატებას შიდა პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავს.
"შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული პარტნიორები არიან ქვეყნები, რომლებიც წინ მიიწევენ დემოკრატიის გზაზე. ამ ტიპის განცხადებები და გაფრთხილებები მიანიშნებს ზუსტად იმაზე, რომ შეერთებული შტატები გვერდში უდგას ქართველ ხალხს იმისათვის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა აირჩიოს ის მთავრობა, რომელიც გამოხატავს მის ინტერესს," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ დემოკრატიული განვითარებისა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ბიგანი იმედოვნებს, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა დემოკრატიის სიძლიერე უზრუნველყონ.