შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის განცხადებას, "ქართული ოცნების" ლიდერი გამოეხმაურა.
გია ვოლსკის განმარტებით, ის გზავნილები რომელიც ამერიკელი პარტნიორისგან გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია "ქართული ოცნების" იდეასთან, თუ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
"ეს არ არის გზავნილი, რომელსაც ვიღებთ ისე, როგორც სიახლეს. ვინაიდან ზუსტად იგივე გზავნილები და იგივე პათოსი გააჩნია ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლებაც, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა დესტრუქციულ პროცესებს არ მიეცეს განვითარების საშუალება. არ ვარ დარწმუნებული, ჩვენს ოპონენტებს დესტრუქციული პროცესების გარდა აინტერესებდეთ შედგეს მაღალი დონისა და სტანდარტების არჩევნები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ დემოკრატიული განვითარებისა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.