როგორ აისახება "ლელოს" გადაწყვეტილება ოპოზიციის საერთო შეთანხმებაზე - პარტიამ იმ ოლქებში დააყენა კანდიდატები, სადაც ოპოზიცია უკვე ჰყავს ერთიანი წარმომადგენლები, მათ შორის ვაკეში - სადაც "ლელომ" ელენე ხოშტარიას ლევან კობერიძე დაუპირისპირა.
ელენე ხოშტარიასთვის "ლელოს" ხელმძღვანელების გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა, მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლის ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობას.
"მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება იმ საჯარო განცხადებების შემდეგ, რასაც "ლელოსგან" ვისმენდით. ცხადია, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს, რომ ჯობდა ერთი კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა ყველა პარტიას აქვს უფლება თავისი ამოცანები ჰქონდეს, მათ შორის პარტიული ამოცანები. ეს გადაწყვეტილება და, მათ შორის , "ლელოსთან" კონკურენცია ვაკეში ვერანაირად ვერ დააზიანებს იმ ძალიან მყარ და აუცილებელ თანამშრომლობას, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის, მათ შორის "ლელოსთან" არის, იქნება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რადგან პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო დიდი განსხვავებების ატანა და კოალიციურად ქვეყნის მართვა,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია მთავარ სტრატეგიულ საკითხში, როგორიცაა "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლა.
"ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ფორმატი მთავარ სტრატეგიულ საკითხში არის ერთიანი - ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. რაც შეეხება თბილისში ორ საარჩევნო ოლქს, მათ შორის დიდუბეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს კანდიდატურას და ვფიქრობთ, რომ ის საერთო შეთანხმებული კანდიდატი იქნება. ასევე, საბურთალოზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ვფიქრობთ, მანდაც მოხერხდება და შეჯერდება ერთიანი კანდიდატურა,"-განაცხადა გიორგი გუგავამ.