17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
თქვენი ტერმინით, ეს სპეცრეისია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი - ნათია თურნავა

თბილისი-მინსკის სპეცრეისთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ თბილისსა და მინსკს შორის პერიოდულად ხორციელდება ჩარტერული რეისები.

თურნავას თქმით, გუშინ აღნიშნული რეისით საქართველოს ელჩი გაემგზავრა და საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვა გაუგებარია.

"თბილისსა და მინსკს შორის ამ თვეში პერიოდულად ხორციელდება ჩარტერული რეისები. თქვენი ტერმინით, ეს სპეცრეისია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი. რამდენადაც მე ვიცი, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენი ელჩი ბელარუსში ბრუნდებოდა თავისი დანიშნულების ადგილას. რაც სრულიად ბუნებრივი არის. მე საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, რა მიზანს ისახავდა," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით ახსნა მიზეზი, რის გამოც სამთავრობო თვითმფრინავი ბელარუსის დედაქალაქში გაფრინდა.

უწყების ინფორმაციით, მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, აუცილებელი გახდა საქართველოს ელჩის გამგზავრება ბელარუსში. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვალერი კვარაცხელია სამშობლოში 6 აგვისტოდან იმყოფება.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუშინ, 16:54 აფრინდა და მინსკის სახელმწიფო აეროპორტში 19:11 საათზე დაჯდა. ლაინერი უკან ღამით 23:49 დაბრუნდა. ოფიციალურ განმარტებამდე იყო რამდენიმე ვერსია, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებდა.

დღის ამბები