პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მათ მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ ღირსებით, პრინციპულობით და კეთილსინდისიერებით შეარჩიეს. კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე იგეგმება. კითხვაზე, არის თუ არა წარდგენილი მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარად, ჯიშკარიანი პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამის შესახებ ცნობილი სწორედ ღონისძიებაზე გახდება.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, 2012 წელს რასაც ებრძოდა მათთან ერთად, სწორედ ის გახდა დღეს "ქართული ოცნება". მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი 30 მაჟორიტარობის კანდიდატიდან, დაახლოებით 70% "ნაციონალური მოძრაობიდანაა".
"ჩვენ გვაქვს ძალიან საამაყო ის, რომ ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ღირსებით, პრინციპულობით და კეთილსინდისიერებით კანდიდატები, რა თქმა უნდა განათლებასთან და გამოცდილებასთან ერთად. ვინ სად სახელდება, ამას 6 საათზე შეიტყობთ, ყველა თქვენგანი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და კეთილსინდისიერი კანდიდატები, ყველა ძალიან კარგად იცნობს თავისი უბნის პრობლემატიკას, მეტნაკლებად, ზოგი კარგად იცნობს, ზოგი მოქმედი მაჟორიტარია უბნის და ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ამ ხალხის პრობლემები, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ - მაჟორიტარებამდე, სიამდე, ყველაზე მთავარი აქ არის ერთი რამ - ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რაც არის გარანტი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, რაც არის, სხვათაშორის, "ქართული ოცნების" სლოგანი და მე სრულიად არ ვეთანხმები, ამ გუნდს არ უნდა ჰქონდეს ეს სლოგანი იმიტომ, რომ ის აირია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მან დაკარგა ყველანაირი მორალური უპირატესობა, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ შევარდნაძის მთავრობასთანაც კი.
ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ განვლილი 8 წლის შემდეგ, 2012 წელს რასაც ებრძოდა „ქართული ოცნება“ ჩვენთან ერთად, ის გახდა დღეს „ქართული ოცნება“. ის აღარ არის „ქართული ოცნება“, ის არის „ნაციონალური მოძრაობა 2“, ვინაიდან თქვენ იცით, რომ 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან, ვითვლიდით ოფისში რამდენიმე ადამიანი, მათ ბიოგრაფიებს გადავხედეთ, თუ სად იყვნენ ეს ადამიანები 2012 წლის 1 ოქტომბერს და დაახლოებით 70%, 15 ადამიანზე მეტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებიდან არის „ნაციონალური მოძრაობიდან“.
დღესაც ვნახეთ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის განცხადება, რომ ისინი მზად არიან შექმნან კოალიცია „ევროპულ საქართველოსთან“ "ნაცმოძრაობა 2-თან". ამას აჩვევს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას, ეს არის მათი "ქი მესიჯი", რომელსაც ვიღაც რამდენიმე ადამიანი წერს და შემდეგ აგდებენ საერთო ჩატში. მეც იქ ვიყავი და ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ წერს, რამდენიმე ადამიანი წერს, ახლა კონკრეტულად ეს ვინ დაწერა არ ვიცი ვის თავში მოიხარშა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამას აჩვევენ საზოგადოებას," - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.